წინაწინა
Caucasian_council_of_deputies__tiflis__1917_large
Caucasian_council_of_deputies__tiflis__1917_2_large
შემდეგიშემდეგი
1917
7 / 120
2013

1917 წლის 31 მაისის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების პირველი სამხარეო ყრილობა

1917 წლის 31 მაისის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების პირველი სამხარეო ყრილობა. ცენტრში ნოე ჟორდანია. მისგან მარცხნივ: ტერ-გაბრიელიანი …., …, ა. ზურაბოვი, აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, …….., ნ. იმნაიშვილი, ნ. ცერცვაძე. ნოე ჟორდანიასგან მარჯვნივ: გრ. გიორგაძე, ს. ჯიბლაძე (პირველ რიგში მარჯვნიდან მესამე), გრ. ცინცაბაძე (II რიგში მარჯვნიდან მესამე), გ. გაგლოევი (მესამე რიგში მარჯვნიდან II), ხუსკივაძე (მესამე რიგში მარჯვნიდან მეოთხე), ჭუმბურიძე (მესამე რიგში მარცხნიდან მესამე), ბ. ბაქრაძე (მეხუთე რიგში მარჯვნიდან პირველი), სართანია ( მეექვსე რიგში მარჯვნიდან მეოთხე), გ. ანჯაფარიძე (მეშვიდე რიგში ცენტრში), როხლინი (კიბის მოაჯირთან მარცხნიდან პირველი), ი. ქარცივაძე (სვეტთან მარცხნიდან პირველი), ხარატიშვილი (სვეტთან მარცხნიდან II), გრ. ალშიბაია (სვეტთან მარჯვნიდან პირველი).

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.

1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება.

1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი უფიციალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას.

1918 წლის მაისის მეორე ნახევარში თურქეთის არმია აგრძელებდა შეტევით ოპერაციებს. მალე გაირკვა, რომ გერმანია უარს ამბობდა დაეცვა ანგლოფილური სომხეთი და თურქოფილური აზერბაიჯანი, ხოლო საქართველოს იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ დაიშლებოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა. იმავე დღეს გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

წყარო: wikipedia.org

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: 1917
  • წყარო: National Archives of Georgia
  • ფოტოგრაფი: უცნობი

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2013
  • წყარო: JumpStart Georgia
  • ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

122 122